თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საგანგებო მდგომარეობა თურქეთში საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლაზე არ ასახულა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ქართულ ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით.
თურქეთში სამი თვით საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე გუშინ, საღამოს ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღეს.
„როგორც ადრე, ჩვეულებრივად ვუშვებთ მოქალაქეებს თურქეთის მიმართულებით და ასევე პირიქით. არაფერი შეცვლილა“, — განაცხადა საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
„თურქეთზე არანაირი შეზღუდვა არ არის. რეისები ჩვეულებრივ, გრაფიკით ხორციელდება. თუ რაიმე შეფერხება იქნება ამინდის ან სხვა მიზეზის გამო — ეს სხვა საქმეა“, — განაცხადა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომელმა.
თუ რა ხდება სარფის საბაჟოზე, არის თუ არა საცობი, როგორი ამინდია, შეიძლება იხილოთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.
15 ივლისის საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. მეორე დილით ხელისუფლებამ ბუნტის დასრულების შესახებ განაცხადა.