თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის 42 დეპუტატის სარჩელი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენის ახალი წესების გაუქმაბასთან დაკავშირებით.
დეპუტატები ასევე საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას ასაჩივრებდნენ, რომლის თანახმად თბილისში, ქუთისში, ბათუმსა და რუსთავში მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დაგენის უფლება ცესკო-ს გადაეცა. სარჩელის ეს ნაწილიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის, საარჩევნო ოლქების საზღვრების ანალიზის საფუძველზე არ იკვეთება საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა“,-ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყო — ოთხი ოთხზე. მერაბ ტურავა კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა დეპუტატების სარჩელს მხარი დაუჭირა.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის ძალით (აქტი არის კონსტიტუციური, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით ან გადაწყვეტილებით საწინააღმდეგო რამ არ იქნება მიღებული).
საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების თანახმად, 73-დან 50-ი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები შეიცვალა. თბილისში 10-ის ნაცვლად 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება, რეგიონებში კი გაერთიანებისა ან დაყოფის გზით — 42 ოლქი.
ოლქების დაყოფის შესახებ შესწორებებს ტექნიკური ხასიათი ჰქონდა და მათი მიზანი იყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა მიმდინარე წლის 28 მაისის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომელიც ეხება ერთმანადატიანი საარჩევნო ოლქების განაწილების პრინციპს მუნიციპალიტეტების რაოდენობიდან გამომდინარე მათში ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინების გარეშე.