თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. პეტრე მამრაძე, რომელიც 1995 წელს სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის აპარატის ხელმძღვანელი გახლდათ, დარწმუნებულია, რომ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტი იმ პერიოდში ქვეყნის უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ მოაწყო.
იგორ გიორგაძე კვლავ მოექცა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ, რაც ინტერპოლმა ის ძებნილთა სიიდან ამოიღო. საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მიიღეს. პროკურატურა აპირებს მიაღწიოს ძებნის განახლებას.
„იმ დროს, როცა ედუარდ შევარდნაძის აპარატის უფროსი გახლდით და შევარდნაძესთან და პარლამენტის მაშინდელ ვიცე–სპიკერთან, ვახტანგ რჩეულიშვილთან ერთად ვიმყოფებოდი მანქანაში, რომელიც ააფეთქეს. რაღა თქმა უნდა, გამოძიების პერიპეტიები მახსოვს“, — განუცხადა Sputnik–ს პეტრე მამრაძემ, რომელიც ამჟამად მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ.
მისი თქმით, იმ პერიოდში გიორგაძის ბრალის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება არსებობდა.
„მე ვესწრებოდი უშიშროების საბჭოს სხდომებს. მახსოვს, რომ გამოძიებამ უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგინა, რომ იგორ გიორგაძე უშუალოდ იყო ჩართული სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმასა და მისი მოკვლის მცდელობაში. სწორედ გიორგაძე აძლევდა მითითებებს შემსრულებლებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ბრალდებულები“, — ხაზი გაუსვა მამრაძემ.
ექსპერტმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაზეც.
„პროკურატურამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ინტერპოლიც წითელი ცირკულარით გიორგაძის ძებნის განსაახლებლად. რახან პროკურატურა ასეთ განცხადებას აკეთებს, ესე იგი, მას საკმარისი მასალა და მტკიცებულებები გააჩნია“, — განაცხადა პეტრე მამრაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ საინტერესო იქნებოდა გიგლა აგულაშვილისა და კობა ნარჩემაშვილის მოსაზრებების მოსმენაც.
„ახლა ისინი ორივენი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სახეები არიან, იმ პერიოდში კი აქტიურად მონაწილეობდნენ გამოძიებაში“, — აღნიშნა ექსპერტმა.
მამრაძემ ისიც გაიხსენა, რომ ედუარდ შევარდნაძე ეწინააღმდეგებოდა იგორ გიორგაძის უშიშროების მინისტრად დანიშვნას.
„მაშინ შევარდნაძემ უშიშროების მინისტრად ავთანდილ იოსელიანი დანიშნა. მაგრამ ჯაბა იოსელიანის ზეწოლითა და ამიერკავკასიაში რუსეთის არმიის ჯგუფის ხელმძღვანელის, ფედორ რეუტის უშუალო ჩარევით, იმავე დღეს უპრეცედენტო მოვლენა მოხდა: გაუქმდა შევარდნაძის ბრძანებულება, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული, და (უშიშროების მინისტრად) დანიშნეს გიორგაძე“, — განუცხადა მამრაძემ პორტალს.
მან იქვე განმარტა, რომ იმ პერიოდში შევარდნაძეზე ძლიერ ზეწოლას ახდენდნენ.
„შევარდნაძეს ეუბნებოდნენ, თუ „ჩვენი კაცი“ დაინიშნება, დაგეხმარებითო. თავისი დამოკიდებულება შევარდნაძემ იმით აჩვენა, რომ თავად კი არ წარადგინა ძალოვანი მინისტრი — რაც პირველად მოხდა — არამედ ჯაბა იოსელიანმა“, — აღნიშნა მამრაძემ.
რაც შეეხება თავად გიორგაძეს, მან პოლიტიკურ დევნად შეაფასა სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმაში ბრალდება და განაცხადა, რომ აპირებს დაბრუნდეს საქართველოში.