თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს მოწყობილი ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე აპირებს საქართველოს სასამართლოს მისი გამართლების მოთხოვნით მიმართოს.
ოთხშაბათს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ იგორ გიორგაძე ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნილთა წითელი ცირკულარიდან ამოიღო. მიზეზი მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება გახდა. ამჟამად გიორგაძე მოსკოვში იმყოფება.
„ინტერპოლმა განიხილა ჩემი საკითხი და ძებნიდან მომხსნა. ახლა ყველაფერს სასამართლო განიხილავს. დაუკავშირდით ჩემს ადვოკატებს და ისინი გეტყვიან ზუსტ თარიღს, როდის შეიტანენ განცხადებას (სასამართლოში)… მე საქართველოში ვაპირებ დაბრუნებას, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები“, — თქვა გიორგაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში.
პრეზიდენტზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებას გიორგაძემ პოლიტიკური დევნა უწოდა.
იგორ გიორგაძე 1993 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს. 1995 წელს მას ბრალი დასდეს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმაში, მოხსნეს დაკავებული თანამდებობიდან, მოგვიანებით კი ინტერპოლით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.
მას შემდეგ გიორგაძე სახალხოდ პირველად მოსკოვში 2006 წლის 24 მაისს გამოჩნდა. მოსკოვში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გიორგაძემ განაცხადა, რომ იგი საქართველოში „ჭინჭრების რევოლუციას“ მოაწყობს, თუ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება უარს იტყვის ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე.
იმავე წელს გიორგაძეს ახალი ბრალდება წარუდგინეს — „შეთქმულების მომზადება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით“. მისი მომხრეები საქართველოში დააპატიმრეს და სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.