გენერალური პროკურატურა უკმაყოფილოა ინტერპოლის მიერ იგორ გიორგაძეზე ძებნის შეწყვეტით

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს უშიშროების მინისტრზე იგორ გიორგაძეზე ძებნა 1995 წლის 20 ნოემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო გამოცხადებული. მას პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის ორგანიზება ედებოდა ბრალად.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა უკმაყოფილოა ინტერპოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრზე — იგორ გიორგაძეზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის თაობაზე და აპირებს ყველა ზომას მიმართოს რათა მის მიმართ საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით აღდგეს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.  საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა იგორ გიორგაძის მიმართ. 

ი. გიორგაძეს ბრალად ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება.  

პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო
რატომ ძველი ახალი?

 პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 30 მაისს საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მიეწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ იგორ გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი,  მის მიმართ შეწყდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც პირი, რომელიც სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვეტას ექვემდებარება. 

„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ  მსგავსად წინა შემთხვევებისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზემოთ მითითებული საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე. კერძოდ, იგორ გიორგაძის მიმართ ძებნის შეწყვეტის საკითხის განხილვისას ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს არ გამოუთხოვია და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს არ მისცემიათ შესაძლებლობა ინტერპოლისთვის წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და მასალები, რაც იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობას დაასაბუთებდა. შედეგად, პირი რომელიც 1995 წლიდან იძებნებოდა, მის მიმართ შეწყდა ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნა», — ნათქვამია განცხადებაში. 

ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ  მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. 


ყველა ახალი ამბავი
0