თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ინფორმაციის გაგება იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა ყაზბეგის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, ონლაინ-რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. ამჟამად ფუნქციონირებს დროებითი გზა, რომელიც მხოლოდ დღის საათებშია გახსნილი.
ამჟამად საქართველოდან რუსეთისკენ მიმავალი გზის აღდგენითი სამუშაოები წარმოებს. უსაფრთხოების მიზნით, გზა ტრანსპორტის მოძრაობისთვის 5:00 საათიდან 20:00 საათამდეა გახსნილი.
„წინასწარ იმის თქმა, შეიცვლება თუ არა გზაზე არსებული რეჟიმი, არ შეგვიძლია. ჩვენი რეჟიმი პირდაპირაა დაკავშირებული კლიმატურ პირობებთან, ამინდთან, ამიტომ კოორდინაცია გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტროსთან. თუ ამინდი გაუარესდება, ბუნებრივია, ახალი რეჟიმი ამუშავდება, თუ არადა, ძველი რეჟიმი შენარჩუნდება“, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით.
ამჟამად დროებითი გზა მოქმედებს, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სასწრაფო წესით აღადგინა.
„ეს დროებითი გზაა. როგორც სამუშაოები სრულად დამთავრდება და გადაადგილება თავიდან ბოლომდე უსაფრთხო გახდება, მაშინ გაიხსნება ძირითადი გზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთავარი გზის მოწყობისა და განათების სამუშაოები, ასევე მიღებულია პრევენციული ზომები, რათა უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, — განაცხადა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.