თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე არ ელოდება, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შეტანას რუსეთში აკრძალავს იმ მოტივით აკრძალავს, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე შეუერთდა. რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ განაცხადა, რომ კომიტეტი რუსეთის მტავრობას რეკომენდაციას მისცემს, აიკრძალოს ქართული ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ შეტანა რუსეთში.
„ეს შეზღუდვები, რომლებიც ყირიმსა და სევასტოპოლში ნაწარმოებ პროდუქციას ეხება, ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2014 წელს დააწესა. საქართველო ამ ზომებს 2014 წელს შეუერთდა. გასულ წელს ის ერთი წლით გაგრძელდა. ახლაც გაგრძელდა ავტომატურ რეჟიმში… პირადად მე არ მაქვს ისეთი მოლოდინები, რომ რუსულ მხარეს ახლა რეაგირება ექნება გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2014 წელს მიიღეს. ჩემთვის ეს ძალზე არალოგიკური იქნებოდა იმიტომ, რომ ახალი არაფერი მომხდარა“, — განუცხადა Sputnik-ს ზურაბ აბაშიძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის სანქციებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ შეუერთდნენ უკრაინა, ალბანეთი, ჩერნოგორია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის იმპორტიორთა შორის რუსეთი კვლავ ლიდერობს.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.