თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისთვის პირობები დაასახელა.
განცხადება მარგველაშვილმა ლიუბლიანაში სლოვენიის პრეზიდენტთან ბორუტ პაჰორთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ ველით იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები მზად იქნებიან რაციონალურად, მშვიდად, ყოველგვარი მტრის ხატის შექმნის გარეშე განიხილონ მეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. ამისთვის მზად უნდა იყვნენ რუსებიც“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ პრობლემად რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
„საქართველოსთვის ეს არის კატასტროფული პრობლემა“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.
რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ბოლოს აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ეს ორი რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მარგველაშვილი სლოვენიაში ორშაბათს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.