რობინზონ ნაჭყებია
გასული წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა. პროცესის დაჩქარების მიზნით მიმდინარე წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.
შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი ვადიმ გორელოვი ინტერვიუში განმარტავს, როგორ აისახა ეს სიახლე საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობაზე და როგორ ართმევს თავს ინტერესთა სექცია გაზრდილ დატვირთვას.
— თქვენ თბილისში საქმიანობას გასული წლის სექტემბერში შეუდექით. რა გამოწვევების წინაშე დადექით ამ ხნის განმავლობაში?
— რა თქმა უნდა, მოგვიწია ოპერატიულად მოვრგებულიყავით ახალ მოთხოვნებს. უპირველესად, გასათვალისწინებელი იყო გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობის მსურველთა რაოდენობის სწრაფი ზრდა. მაისში ვიზებზე მოთხოვნა, ადრინდელთან შედარებით, გაორმაგდა. მალე, ალბათ, გასამმაგდება კიდეც. ამიტომ საქმე მოკლე ხანში ისე უნდა აგვეწყო, რომ ვიზების მიღება მსურველებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებოდათ.
— გაართვით თავი ამ ამოცანას?
— ყველანაირად ვცდილობთ. უკვე აღარ არსებობს ორთვიანი რიგები. ახლა ყველაფერი ორიოდე დღეში კეთდება. გამოვითვალეთ, რომ რიგი 20–ჯერ შემცირდა. საკონსულოს წინ დილაობით მდგარი ხალხი — ეს ის იღბლიანები არიან, ვინც მომსახურებას იმავე დღეს იღებს. და ასეთების რაოდენობა დღითიდღე მატულობს.
— კიდევ რა უწყობს ხელს ინტერესთა სექციას, რომ უფრო მეტი ვიზა გასცეს?
— მიწვევის გაფორმების სქემის გამარტივება. თავიდან მიწვევა რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის განყოფილებებში ფორმდებოდა, რეორგანიზაციის შემდეგ კი რუსეთის შსს-ს ქვეგანყოფილებებში ფორმდება. ამას, მაქსიმუმ, 20 სამუშაო დღე სჭირდება. როგორც კი მიწვევას აიღებთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საკონსულოში ვიზის მისაღებად, რასაც, თავის მხრივ, ერთიდან ხუთ დღემდე სჭირდება.
— კიდევ რის შეცვლას აპირებთ უკეთესობისკენ?
— რაღა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად. მაგალითად, მიღებაზე გარდა ელექტრონული ჩაწერისა — რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის ასაკოვან ადამიანებს — „ცოცხალი“ ჩაწერის პრაქტიკაც გვაქვს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს საკონსულოში და ადგილზე შეარჩიოს საბუთების შემოტანისთვის ხელსაყრელი დღე.
ჯერ კიდევ სუსტ რგოლად რჩება პერსონალის საკითხი. მიმღები მხარის მიერ დადგენილი კვოტა მოქნილი მანევრირების საშუალებას არ გვაძლევს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში, რა თქმა უნდა, საქართველოს თანხმობით, დამატებით ძალებს მივიღებთ და მაშინ კი ნამდვილად მზად ვიქნებით ყველა ტიპის გამოწვევასთან გასამკლავებლად.
— რა დრო მიდის ერთი ადამიანის მომსახურებაზე?
— მარტში სავიზო ბუმი დაიწყო, რომელიც აქამდე გრძელდება. ჯერჯერობით დღეში მხოლოდ სამასამდე ვიზის გაცემას ვახერხებთ, თუ თანამშრომლები დაგვემატებიან, უფრო მეტის გაცემას შევძლებთ.
— 300 ვიზა დღეში — ეს ნორმალური დატვირთვაა თუ საგანგებო შემთხვევა?
— ხან ასეა და ხან — ისე. ზოგჯერ დღეში მხოლოდ ასიოდე კაცი მოდის, ზოგჯერ კი სამასზე მეტიც. ოთხი სავიზო ფანჯარა გვაქვს და საშუალოდ ერთ პირზე ხუთ წუთამდე დრო იხარჯება. ახლა ეს უკვე მუშაობის ნორმალური რიტმია. საკონსულო განყოფილებას უფრო სწრაფად და ხარისხიანად მუშაობაც შეუძლია.
— ვიზების გაცემის გარდა კიდევ რა საქმიანობას ეწევა საკონსულო?
— ჩვენ ხომ საელჩო არ ვართ, რომ პოლიტიკური საქმიანობა გავწიოთ? ასე რომ, ძირითადად მხოლოდ საკონსულო და ჰუმანიტარული საკითხებით ვართ დაკავებული. საქართველოში არსებობს რუსულენოვანი სათვისტომო, მათ შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებსაც კანონიერად აქვთ ჩვენგან ყურადღების იმედი. ჩვენც, როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით. გვსურს, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა ისევე სისხლსავსედ იცხოვრონ აქ, როგორც ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ რუსეთში. ყველაზე მოკრძალებული გათვლებითაც კი, რუსეთში მცხოვრები ქართველები რაოდენობით 25–ჯერ სჭარბობენ აქ მცხოვრებ რუსებს.
ცალკე თემაა განათლების მიღება რუსეთში. ეს მთელი პროგრამაა. ახლა ყოველწლიურად საქართველოს ასამდე მოქალაქე მიემგზავრება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. აბიტურიენტების საბუთებს ჩვენ ვამუშავებთ და ვგზავნით რუსეთში.
— სად შეიძლება ამის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება?
— საიტზე Russia.study. ანკეტის შევსება იქვეა შესაძლებელი. რესურსის ბმული მალე დაიდება ინტერესთა სექციის საიტზეც. მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ახლა აბიტურიენტს თავად შეუძლია თვალი ადევნოს თავისი საბუთების მოძრაობას ონლაინ–რეჟიმში.
— საკონსულოს „ფეისბუქში“ საკუთარი ჯგუფი აქვს…
— ეს იმისთვის, რომ უფრო ფართო წრეს მივაწოდოთ ინფორმაცია გამარტივებული ვიზების თაობაზე. აპრილში ვირტუალური მიმღები RusConsulTbilisi შევქმენით, რითიც სერიოზულად განვტვირთეთ საკონსულოს თანამშრომლები. მოქალაქეებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი ერთი „კლიკით“ მიიღონ. სამ თვეზე ნაკლებ დროში ჯგუფს 800 წევრი შეუერთდა. სხვათა შორის, ბევრი კარგ იდეას გვაწვდის და ამიტომ ინტერესთა სექციაში მათი მოწვევა დავიწყეთ, რათა ფინჯან ყავასა თუ ჩაიზე საქმეებზე ვიბაასოთ.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ–ურთიერთობამ სერიოზული დარტყმა მიაყენა სხვადასხვა ტიპის შუამავლებს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ინტერესთა სექციის სიახლოვეს „მინივენების“ მთელი ფლოტილია იდგა, ზედ აკრული აბრებით: „ვიზა“, რომელთა მფლობელები თავს საკონსულოს ინტერესთა სექციის თანამშრომლებად ასაღებდნენ და რომლებიც, როგორც მსმენია, ხშირად უღმერთოდ ატყუებდნენ ადამიანებს.
ყველაფერი გავაკეთე ამ „ვაგონჩიკების“ ასალაგმად. ახლა ვითარება არსებითად შეიცვალა. ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ, რაშიც შვეიცარიაც მონაწილეობდა, ინტერესთა სექციის შენობის წინიდან ვაგონები მოვაშორეთ.
— პირადად თუ გიწევთ მოქალაქეთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა?
— საკმაოდ ხშირად მიწევს. თუ ჩვენ გვერდზე ტელეფონის ყურმილის სიმბოლოს გვერდით პასუხს დაინახავთ, იცოდეთ, რომ ეს მე ვარ.