თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ერთი თვის წინ რუსეთმა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის ზომები შემოიღო. თუ როგორ მუშაობს საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ვიზების მისაღებად გამარტივებული პირობები პრაქტიკაზე, „Sputnik საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული, საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი ვადიმ გორელოვი მოგითხრობთ.
- ვადიმ ნიკოლოზის ძევ, რუსეთის ვიზის მიღება ძალიან რთული იყო, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ უახლოესი ნათესავების მიწვევით შეეძლოთ. 23 დეკემბრიდან რუსეთმა გაამარტივა ვიზების გაფორმების წესები. კონკრეტულად, რა შეიცვალა უკეთესობისკენ?
— ცვლილებები მეტად არსებითია. ახლა საქართველოს მოქალაქეს რუსეთში წასვლა ისეთი პირის მიწვევითაც შეუძლია, რომელიც მისი ნათესავი სულაც არ არის. ფორმდება კერძო ვიზები, ასევე საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები — ნებისმიერი ჯერადობისა.
- როგორ მიმდინარეობს ვიზის მიღების პროცესი?
— ჩვენს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ადგილობრივი თუ უცხოეთის მოქალაქე, შუამდგომლობით მიმართავს ფედერალური მიგრაციული სამსახურის განყოფილებას (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), გაუფორმოს მიწვევა. ამას სამ კვირაზე მეტი დრო არ დასჭირდება, სახელმწიფო ბაჟი კი 800 რუბლს შეადგენს, რაც მიმდინარე კურსით 25 ლარს უტოლდება.
- ვერაფერს იტყვი, მიზერული თანხაა. ხომ არ გამოჩნდებიან ხელის მოთბობის მსურველები, რომლებიც დადგენილზე ბევრად მეტ თანხას მოითხოვენ?
— შესაძლოა, მართლაც გამოჩნდნენ ასეთები. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მოწვევის გაფორმება იმდენად მოგებიანი ბიზნესი არ იქნება, რამდენადაც ადამიანებს შორის კონტაქტის ინსტრუმენტი. იმოქმედებენ თუ არა პრინციპით „დილით ფული — საღამოს სკამები“ — ეს მიმწვევისა და მიწვეულის სინდისზე რჩება. ჩვენი ამოცანაა იმის გარანტირება, რომ მოწვევის გაფორმების შემდეგ, ქართველი სტუმარი რუსი მასპინძლის მზრუნველობის ობიექტი გახდება. ამისათვის მიმწვევი ხელს მოაწერს განცხადებას ფინანსური და სხვა სახის გარანტიების თაობაზე. უპირველესად, მახსენდება გადასახადი მკურნალობაზე. ცნობილია, რომ უცხოეთში გამგზავრების წინ დაზღვევის გაფორმებას ყველა არ მიიჩნევს საჭიროდ. არადა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ ჰოსპიტალიზაციის ხარჯები ხან ათობით ათას დოლარსაც კი აღწევს. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გასცემს გარანტიას მიმწვევი პირი. მიმწვევს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა: საკუთარ სტუმარზე და მისი რუსეთში ვიზიტის მიზნებზე არასწორი მონაცემების წარდგენისთვის ჯარიმის რაოდენობა შესაძლოა 30-50 ათასიდან (ფიზიკურ პირებზე) 400 ათას რუბლამდე (იურიდიული პირებისთვის) განისაზღვროს.
მიიღებს რა მოწვევას (ფურცელზე თუ ელექტრონული სახით), საქართველოს მოქალაქე საბუთების პაკეტის ჩასაბარებლად მიღებაზე უნდა ჩაეწეროს. ამის გაკეთება შესაძლებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდზე ან უშუალოდ ინტერესთა სექციის საკონსულო სამსახურში. პირმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პასპორტი. გარდა ზემოხსენებული მოწვევისა, საბუთები პაკეტში შედის: ანკეტა (რომელიც უნდა შეივსოს ვებგვერდზე და ამოიბეჭდოს ორ ცალად) პასპორტი და ორი ფოტოსურათი, ზომით 3х4.
საიტზე განთავსებულია დაწვრილებითი ინსტრუქცია და თუ ადამიანი ოდნავ მაინც ერკვევა კომპიუტერში, ანკეტის შევსება არ გაუჭირდება.
რამდენადაც ვიცი, საქართველოში კომპიუტერით სარგებლობა ლამის ყველამ იცის და ძალიან ბევრს აქვს საკუთარი გვერდი „ფეისბუქში“. ასაკოვან, ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებმაც კომპიუტერთან მუშაობა არ იციან, შვილები, შვილიშვილები, მეზობლები ან მეგობრები დაეხმარებიან. საერთოდ, საქართველო ოჯახურ–ნათესაური ქვეყანაა და ადამიანი აქ დახმარების გარეშე არ დარჩება.
ინფორმაციის მიღება ქართულ და რუსულ ენებზე ინტერესთა სექციის საკონსულო განყოფილების ტელეფონზეა შესაძლებელი: 291-26-75. ჩვენთან მოსვლის დღესა და საათს ელექტრონული ფოსტით ვატყობინებთ დაინტერესებულ პირებს. ჩვეულებრივი ვიზის გაფორმება ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში ხდება და მასზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახადი 60 აშშ დოლარს შეადგენს. სასწრაფო ვიზა ერთ ან ორ დღეში ფორმდება და გადასახადი 110 აშშ დოლარია. ერთწლიანი მრავალჯერად ვიზაზე სახელმწიფო ბაჟი შესაბამისად 160 და 310 დოლარს შეადგენს. თანხის გადახდა ადგილზე, ნაღდი ფულითა და მხოლოდ დოლარში ხდება. თუმცა უახლოეს მომავალში საბანკო ბარათებითა და ლარში გადახდის შემოღებასაც ვგეგმავთ, რისთვისაც ტერმინალს დავდგამთ.
- ვადიმ ნიკოლოზის ძევ, ნება მომეცით, დავინტერესდე, რა ფუნქციებს ასრულებენმობილური (მოძრავი) სავიზო ფირმები, რომლებითაც გარშემორტყმულია თქვენი საკონსულო?
— ჩვენს გარშემო მართლაც გაჩნდა იმპროვიზებული, მოძრავი ვაგონები. მათი ბინადრები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს რუსეთის ვიზების მიღებაში ეხმარებიან. თუმცა მათ ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ეს ხალხი მხოლოდ ჩვენს შუამავლებად კი არ ასაღებენ თავებს, არამედ ინტერესთა სექციის თანამდებობის პირებადაც, რითაც საქართველოსა და რუსეთის კანონებს არღვევენ. არაერთხელ მსმენია, როგორ წარადგენენ ხოლმე საკუთარ პერსონებს საკონსულოს თანამშრომლად, და უფრო მეტიც, კონსულადაც კი.
სექციაში შემოსულ საბუთებს ბევრჯერ გავუოცებივართ კიდეც, რადგან პაკეტებზე რუსეთის ინტერესთა სექციის ყალბი ქვითრები ყოფილა დაკრული, რომლებშიც საარაკო თანხა, 1000 დოლარი ფიქსირდებოდა ვითომდა ჩვენს მიერ გაწეული რაღაც მომსახურებისთვის. ეს ბლანკები მართლა ძალიან ჰგავს საკონსულოსას, მაგრამ მათზე, როგორც წესი, ჩვენთვის უცნობი მეწარმის ბეჭედი იწონებს ხოლმე თავს. სწორედ ამით მტკიცდება, რომ იმ ვაგონების ბინადრები სიმბოლურ 10–15 ლარს კი არ იღებენ ანკეტისა და განცხადების ბლანკის შევსებასა და ელექტრონულ რიგში ჩაწერაში, არამედ არარეალურად გიჟურ თანხებს, რომლებიც ხშირად ჭარბობს საშუალო ქართული ოჯახის თვიურ შემოსავალს.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჩვენ, არათუ არანაირი კავშირი არ გვაქვს ამ თაღლითებთან, არამედ აქტიურად ვებრძვით მათ.
- მაგრამ ვაგონები მოწვევებსაც სთავაზობენ ადამიანებს და წლიურ ვიზებსაც, რაშიც 1000 დოლარზე მეტს ითხოვენ.
— კი, ყალბი მოწვევა არაერთხელ ჩაგვვარდნია ხელში. ხანდახან სიყალბეს შეიარაღებული თვალით ვერც კი შეამჩნევ ადამიანი. მითხრეს, რომ განსაკუთრებით გაქნილი საქმოსნები სადღაც იაფად ყიდულობენ მოწვევის უკვე შევსებულ, მაგრამ გამოუყენებელ ბლანკებს, რომლებსაც მიკროტალღურ ღუმელში ათავსებენ და ამ გზით ლაზერული პრინტერით დატანილ ასოებს შლიან, მერე კი ახალი კლიენტის მონაცემებით ავსებენ.
მინდა ყველა გავაფრთხილო: ასეთი ყალბი მოწვევები მაშინვე ვლინდება: ჩვენ ხომ სრულ ინფორმაციას ვფლობთ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული მოწვევების შესახებ, ყველა მათგანი გვაქვს ბაზაში და ჩვენთან შემოსულ დოკუმენტებს აუცილებლად ვადარებთ ამ ბაზას.
სწორედ გასულ პარასკევს მოგვიტანეს ყალბი მოწვევა. ჩვენ მაშინვე ვაცნობეთ მოქალაქეს, რომ მოწვევა ყალბი იყო და რომ ისეთი ღონისძიებების გატარებას ვაპირებდით, რის შედეგადაც რუსეთის ფედერაციაში შესვლა სრულად აეკრძალებოდა. გაირკვა, რომ ამ მოქალაქეს პატიოსნად, 1000 დოლარად შეუძენია აღნიშნული ბლანკი მორიგი „რუსეთის კონსულისგან“. პოლიცია თავადვე გამოიძახა. რა მოხდა შემდეგ, არ ვიცი, თუმცა ვვარაუდობ, რომ საბუთების გაყალბება საქართველოშიც სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.
- თავად არ მიგიმართავთ პოლიციისთვის თქვენს გარშემო არსებული უკანონობის გამო?
— რა თქმა უნდა, მიგვიმართავს. შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ინტერესთა სექციასთან დაკავშირებული თაღლითობისყველა შემთხვევის თაობაზე აქვთ ინფორმაცია. თუმცა, როგორც ხედავთ, საქმე ადგილიდან არ დაძრულა. ეს ვაგონები თითქოს ფესვებით ჩაეზარდნენ ჭავჭავაძის პროსპექტის ასფალტს. გვეუბნებიან, რომ ამ „ქათმისფეხა ქოხებს“ აბსოლუტურად კანონიერად აქვთ იჯარით აღებული ადგილები გზისპირზე, რომ საშემოსავლო სამსახურში არიან დარეგისტრირებულები, რომ გამართულად იხდიან გადასახადებს. ინტერესთა სექციის ღობის გადაღმა არსებობს სახელმწიფო, რომლის კანონებსაც, ვალდებულები ვართ, პატივი ვცეთ. ჰოდა, ჩვენც ვცემთ.
- საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რაც დროში დაემთხვა ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროპული კომისიის დადებით დასკვნას.
— ნამდვილად დაემთხვა. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი და ვიზალიბერალიზაციაზე სამწლიანი ეტაპობრივი მუშაობის შედეგია, რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილ კარასინი–აბაშიძის ფორმატში მიმდინარეობდა. იმ პირთა წრე, რომლებსაც რუსეთში ვიზით წასვლა სურთ, არცთუ რადიკალურია, თუმცა მუდმივად ფართოვდებოდა. მაგალითად შემოღებული იქნა მრავალჯერადი წლიური ვიზები დიდტვირთიანი ავტომობილებისა და ავტობუსების მძღოლებისათვის, მერე კი ავტობუსის მომსახურე სტიუარდებისთვისაც.
- ვადიმ ნიკოლოზის ძევ, იცით, რომ რუსეთთან ვიზების გაუქმების შესახებ ინფორმაციას საქართველოში ყველა არ გაუხარებია. „მედასავლეთეები“ მიიჩნევენ, რომ რუსეთთან დიალოგი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში უშლის ხელს; მეორე ნაწილს, „პატრიოტებს“ კი ის აშინებთ, რომ რუსეთში საშოვარზე წასული ქართველები უკან აღარ დაბრუნდებიან და ქვეყანა მოსახლეობისგან დაიცლება.
— ამაზე ასე გიპასუხებთ: ვინც რა უნდა თქვას, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია (ასეთია იმ უწყების სრული დასახელება, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ) მზადაა მიიღოს ყველა, ვისაც რუსეთის ვიზის მიღების საფუძველი გააჩნია. და თუ 2013 წელს დღეში 70–მდე ვიზას გავცემდით, ახალ პირობებში 350–ზე ნაკლებს არ გავცემთ. ჩვენ სამუშაოს კეთილსინდისიერად ვასრულებთ, რათა საკუთარი სახელმწიფო არ შევარცხვინოთ.