ოპოზიცია უფასო ეთერის დაბრუნებას სასამართლოს საშუალებით ცდილობს

© Flickr / Robert S. Donovanტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნების წინ უფასო საეთერო დროის უფლების ჩამორთმევაში დაადანაშაულა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ინტერპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საარჩევნო კოდექსში იმ შესწორებების წინააღმდეგ, რომელიც ტელეარხებზე უფასო სარეკლამო დროს აძლევს მხოლოდ კვალიფიციურ სუბიექტებს, ანუ იმ პარტიებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებენ. 

კვალიფიციურ პარტიად ითვლება ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც ბოლო არჩევნებზე ხმათა გარკვეული რაოდენობა დააგროვა: საპარლამენტო არჩევნებზე მინიმუმ 4%, ხოლო ადგილობრივზე — მინიმუმ 3%.

„ქართულმა ოცნებამ და რესპუბლიკურმა პარტიამ პრაქტიკულად ჩაიდინეს პოლიტიკური კრიმინალი და მიიღეს საარჩევნო კოდექსი, რომლითაც ხელი შეუშალეს უამრავი პარტიის საქმიანობას. მოახდინეს მათი პოლიტიკური რესურსის – უფასო სარეკლამო დროის, ხალხის მიერ ბოძებული რესურსის წართმევა“, — განაცხადა ბრიფინგზე პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა.

ოპოზიცია სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს. ინტერპარტიულ ჯგუფში 15 ოპოზიციური პარტიაა გაერთიანებული.

ქართული ოცნების მიტინგი - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: აკრძალვები და შეზღუდვები

შესწორებების შეტანამდე უფასო საეთერო დრო საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიაზე ყველა პარტიას თანასწორად ჰქონდა, ხოლო უფასო პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტებისთვის იყო განკუთვნილი. სხვა პარტიებს სარეკლამო დროის ყიდვა შეეძლოთ.

ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია და რეგიონული მაუწყებლები ვალდებული არიან, საათში ერთხელ 5 წუთი გამოყონ კვალიფიციური სუბიექტების წინასაარჩევნო რეკლამისთვის. ამასთან, ერთი სუბიექტის რეკლამის ტრანსლირებამ სამი საათის განმავლობაში 90 წამს არ უნდა გადააჭარბოს.

სხვა ტელეკომპანიების ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო საათში 2,5 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ბიუჯეტიდან დაფინანსებული პარტიის რეკლამა სამ საათში 90 წამს არ უნდა აღემატებოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0