თბილისი, 20 ივლისი- Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და თანადგომას უცხადებს ჟურნალისტის ოჯახს.
„ღრმა გულისტკივილით მივიღე ცნობა ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. მე პირადად ვიცნობდი პაველს — ყოველთვის საინტერესო თანამოსაუბრეს და გონიერ ადამიანს. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია საერთაშორისო ჟურნალისტიკისთვის. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ პაველის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, — აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კიევში ადგილობრივი დროით 07:45 საათზე ბოგდან ხმელნიცკისა და ივან ფრანკოს ქუჩების გადაკვეთაზე ავტომობილი აფეთქდა, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი მართავდა. ის ადგილზე დაიღუპა.
კიევის პოლიციამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა.