კიევში ადგილობრივი დროით 07:45 საათზე ბოგდან ხმელნიცკისა და ივან ფრანკოს ქუჩების გადაკვეთაზე ავტომობილი აფეთქდა, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი მართავდა. ის ადგილზე დაიღუპა.
კიევის პოლიციამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა.
შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერა უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც, გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ჟურნალისტის დაღუპვის გამოძიებას ღირსების საქმე უწოდა.
„მშვენივრად იცით, რა არის ჩემთვის „უკრაინსკაია პრავდა“. პაველ შერემეტი ჩემი კარგი ნაცნობი იყო. ის პირველი ადამიანია, რომელსაც ინტერვიუ ჰქონდა ჩემთან. ის ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, ამიტომ ეს ჩემთვის ღირსების საქმე იქნება“, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ, იუწყება „უკრაინსკაია პრავდა“.
კომენტარი უკვე გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.
„სამართალდამცველ ორგანოებს ამ დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიება დავავალე. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, — დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ მიკრობლოგში.
პაველ შერემეტი 1971 წლის 28 ნოემბერს მინსკში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
1992 წლამდე ბელარუსის ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. შემდეგ მუშაობა ტელევიზიაში დაიწყო. სწორედ ამ მომენტიდან იწყება მისი პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობა.
ოთხი წლის შემდეგ შერემეტი სამუშაოდ გაზეთ „ბელორუსსკაია დელოვაია გაზეტაში“ გადავიდა და მისი მთავარი რედაქტორი გახდა. იმავე წელს რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ბელორუსიის ბიუროს ხელმძღვანელი და ბელარუსში „ორტ“-ს საკუთარი კორესპონდენტი გახდა.
1998 წელს შერემეტმა მუშაობა დაიწყო პროგრამების „ნოვოსტისა“ და „ვრემიას“ საკუთარ კორესპონდენტად. 1999 წლის იანვარში „ორტ“-ს საინფორმაციო პროგრამების დირექციის კორესპონდენტების (რუსეთსა და საზღვარგარეთ) ქსელის შეფ-რედაქტორის თანამდებობა დაიკავა. იყო ყოველკვირეული ანალიტიკური პროგრამა „ვრემიას“ წამყვანი.
ამავე წელს მან ჟურნალისტების დაცვის საერთაშორისო კომიტეტის პრემია მიიღო სიტყვის თავისუფლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
2000 წელს შერემეტი ახალი ამბების პროგრამიდან წავიდა და მუშაობა განაგრძო „პირველ არხზე“ როგორც დოკუმენტური ფილმებისა და სპეციალური პროექტების (საინფორმაციო პროგრამების ფარგლებში) ავტორმა.
2009 წლიდან ჟურნალ „ოგონიოკში“ პოლიტიკისა და საზოგადოების განყოფილების რედაქტორი იყო.
2001 წელს შერემეტი ცოტა ხნით ტელეარხ „რენ ტვ“-ზე გადაცემა „პრიგოვორის“ წამყვანი იყო.
2012 წლიდან ინტერნეტ-გაზეთ „უკრაინსკაია პრავდაში“ ჟურნალისტის ბლოგი მიჰყავდა.
ჟურნალისტიკის გარდა შერემეტი პუბლიცისტიც იყო. ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მოწინააღმდე ჟურნალისტმა მას მიუძღვნა წიგნი Случайный президент („შემთხვევითი პრეზიდენტი“).
2009 წელს გამოვიდა მისი წიგნი მიხეილ სააკაშვილზე, აგვისტოს ომსა და რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე — Саакашвили\Грузия. Погибшие мечты („სააკაშვილი/საქართველო. გარდაცვლილი ოცნებები“).
ის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორია.
შერემეტის ბოლო სამუშაო ადგილია „უკრაინსკაია პრავდა“.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შერემეტი კიევში ცხოვრობდა. დარჩა მეუღლე და ორი შვილი. ის 45 წლის ასაკში დაიღუპა.