თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე დღეს სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს, თითოეული 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.
აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი ჩანაცვლების შესახებ ბრალდებულთა ადვოკატმა იშუამდგომლა. მათ გირაოს თანხის შესატანად 5 დღიანი ვადა აქვთ. სასამართლო მოსმენები კი კვლავ გაგრძელდება.
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე მიმდინარე წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობით ისჯება.