თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახალი მინისტრები დანიშნა და უწყებების თანამშრომლებს მათი ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
აჭარის მთავრობაში ვაკანტური ადგილები 6 ივლისიდან გაჩნდა, როდესაც მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ არჩევნებამდე სამი თვით ადრე თანამდებობა დატოვა.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით 7-ის წინააღმდეგ ოთხი მინისტრის შემადგენლობით ახალი მთავრობა დაამტკიცა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლაშა კომახიძე დაამტკიცეს, რომელიც ადრე ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამაში (ENPARD) იღებდა მონაწილეობას.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე გახდა, რომელიც ადრე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
თავისი თანამდებობები შეინარჩუნეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა.
ხაბაძის მაგივრად გასულ კვირას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა დაამტკიცა. აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობის გარდა პატარაძე აჭარის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზეც დაინიშნა.