თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ სცნო მეუღლის პაიწარ პაპანიანის განზრახ მკვლელობაში და სასჯელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
2016 წლის აპრილში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ედუარდ პაპანიანმა თავის მეუღლეს დანით, გულმკერდისა და ზურგის არეში ორი შემავალი და 18 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა.
პაიწარ პაპანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ედუარდ პაპანიანი მიიმალა, თუმცა სამართალდამცველების მიერ იგი რამდენიმე საათში იქნა დაკავებული.
ედუარდ პაპანიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ოჯახური დანაშაული, განზრახ მკვლელობა“, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.
2014 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახურ ძალადობას ცალკე მუხლი მიენიჭა. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ეს დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლებამ კანონმდებლობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობების სერიის შემდეგ გაამკაცრა. 2014 წელს ოჯახური ძალადობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
გარდა ამისა, ქალების მიმართ ძალადობის ფაქტების მომრავლება ამ თვეშიც შეინიშნებოდა. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ოთხი დანაშაული დაფიქსირდა, რომელთა შედეგად სუსტი სქესის წარმომადგენლები დაზარალდნენ.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში ოჯახური ძალადობის 594 შემთხვევა დაფიქსირდა. 338 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.