თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი ინციდენტის მესამე მონაწილე, 1977 წელს დაბადებული მიხეილ ვ. დააპატიმრეს.
მანამდე ქართული საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ ორშაბათს აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ ინციდენტში სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი არჩილ მამაგეიშვილი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოფილი მოადგილე ავთანდილ ანთიძე მონაწილეობდნენ. სროლის შედეგად მამაგეიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდა ამისა, „პირველი რადიოს“ ცნობით, ასევე დაკავებულია შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილი უფროსი მიხეილ ვანიშვილი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1966 წელს დაბადებულმა ავთანდილ ა.-მ თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე შურისძიების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1972 წელს დაბადებული არჩილ მ. დაჭრა, ხოლო არჩილ მ.-ს თანმხლებმა მიხეილ ვ.-მ ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავად ავთანდილ ა. დაჭრა. არჩილ მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა", — ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
ამ მომენტისთვის ავთანდილ ანთიძე საავადმყოფოში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე და 108-ე მუხლებით), რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.