თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მცირე და საშუალო საწარმოების მსოფლიო ფორუმი (World SME Forum) საპილოტო პროექტს განახორციელებს, შეთანხმება მიღწეულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანისა და WSF ხელმძღვენელის ტუნჩ უიანიკის შეხვედრაზე, იუწყება ორშაბათს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.
მცირე და საშუალო საწარმოების მსოფლიო ფორუმის ხელმძღვანელი თბილისში სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით იმყოფება.
პროგრამა სამ ნაწილს აერთიანებს, ესენია: ფინანსებთან ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო ბაზრებში ჩართულობა და ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევის მომზადება იყო. ეს დოკუმენტი პროგრამის განხორციელებას დაედება საფუძვლად“,-იუწყებიან საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში.
მსოფლიო ფორუმი მსოფლიოს დიდი ოცეულის ინიციატივის ფარგლებში გასულ წელს დაარსდა. ფორუმის მუშაობას აქტიურად უჭერენ მხარს საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი, ევროკომისია, ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ცენტრი და სხვა.