თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ევროკომისიამ რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბიზნეს–ფორუმის ფარგლებში აამოქმედა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვთ გაფორმებული, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით.
საუბარია ევროკავშირის ბიუჯეტიდან უახლოესი ათი წლის განმავლობაში 200 მილიონი ევროს გამოყოფაზე გრანტის სახით.
„ველით, რომ ეს წვლილი გზას გაუხსნის ახალ ინვესტიციებს 2 მილიარდი ევროს ოდენობით სამი ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესში“, – წერს ევროკომისია.
უფრო ადრე ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული წყარო სამ მილიარდ ევროზე საუბრობდა.
პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ჩამოთვლილთაგან უკანასკნელმა სამმა სახელმწიფომ გასულ წელს მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შეთნხმებას.
რიგაში 21–22 მაისს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი იმართება.