თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ერევნის ერთ-ერთ რაიონ ერებუნში, საპატრულო-საგუშაგო პოლკის ტერიტორიაზე, რომელიც შეიარაღებულ ჯგუფს აქვს აღებული, ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადა დიდი სიჩქარით შევიდა, იუწყება „Sputnik სომხეთი“.
თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ შენობაში რაღაც მოხდა და არიან დაშავებულები.
ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არც დადასტურებულა და არც არავის უარუყვია, რადგან პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტებს არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან.
მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა პოლიციასა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
17 ივლისის დილით ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად.
პოლიციის შენობის აღებისას მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, დაჭრილი არიან პოლიციის პოლკოვნიკი არამ ოვანისიანი, ვიცე-პოლკოვნიკი გრაჩ ოსეგიანი და ზემდეგი გაგიკ მკრტჩიანი. მძევლად რჩება ხუთი ადამიანი. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის უფროსის ორი მოადგილე.