თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გურიის რეგიონს ეწვია.
მან ლანჩხუთში რაიონის განათლების სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ლანჩხუთში შეხვედრის შემდეგ მინისტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს, სკოლის დირექტორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
„საუბარი შეეხო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებს, სახელმძღვანელოების გრიფირებას და სკოლებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრაზე მინისტრმა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მასწავლებლების მონაწილეობით იგი გადაიხედება, დაიხვეწება და მეტად მოქნილი გახდება.
მანამდე გნათლების მინისტრი აჭარაში იმყოფებოდა, სადაც ხელვაჩაურის, ქედას, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.