თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქრათველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ აკვირდება თურქეთში განვითარებულ მოვლენებს და სცენარის განვითარების შესაძლო ვარიანტებს ითვალისწინებს.
„ვითვალისწინებთ გარკვეული სცენარების განვითარებას და ამისთვის მზად ვართ. ჩვენი ყველა საჭირო პიროვნება ადგილზეა. ვაკონტროლებთ ვითარებას. გვაქვს მომზადებული საჭირო ზომები“, — განუცხადა კაპანაძემ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ.მისი თქმით, ახლა თურქეთში სამი ქართველი კადეტი იმყოფება, რომლებსაც საფრთხე არ ემუქრებათ.
შეგახსენებთ: წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა თურქულ ტელეარხ NTV-ს ეთერში სატელეფონო ჩართვით განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, სამხედროების ჯგუფმა, იარაღისა და მათთვის მინიჭებული ძალაუფლების გამოყენებით, „უპასუხიმგებლო და კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება სცადა“, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მუშაობას განაგრძობს.
თავის მხრივ, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა იგივე არხით ასევე გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაკავებულია, მაგრამ გადატრიალების შემდეგ ყველა არსებული საერთაშორისო ურთიერთობები ძალაში დარჩება.
ამის პარალელურად, თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, რომ თურქეთის გენ-შტაბის უფროსი ჰულუსი აქარი სამხედროებმა მძევლად აიყვანეს.