საქართველომ თურქეთთან საჰაერო საზღვარი ჩაკეტა

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თურქეთის მიმართულებითა საქართველოდან საზღვარზე გადასვლა შეზღუდულია.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შეზღუდულია, ხოლო საჰაერო საზღვარი — ჩაკეტილი, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.

„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თურქეთის მიმართულებით საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ. საჰაერო საზღვარიც ამ წუთისთვის ჩაკეტილია… ჯერჯერობით ვაკვირდებით სიტუაციას“, — განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს.

პრემიერმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ თურქეთში მოგზაურობისგან მანამ, სანამ ვითარება სტაბილური არ გახდება.

„თურქეთის მიმართულებით მგზავრობა ამ წუთისთვის მიზანშეწონილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ვითარება სტაბილური არ არის. დიდი იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება“, — განმარტა კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა არ ეზღუდებათ მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს.

საზღვარზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც იქ დიდი რაოდენობით თავმოყრილი მანქანების მოძრაობას არეგულირებს.

შეგახსენებთ: წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა  ბინალი ილდირიმმა თურქულ ტელეარხ NTV-ს ეთერში სატელეფონო ჩართვით განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, სამხედროების ჯგუფმა, იარაღისა და მათთვის მინიჭებული ძალაუფლების გამოყენებით, „უპასუხიმგებლო და კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება სცადა“, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მუშაობას განაგრძობს.

თავის მხრივ, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა იგივე არხით ასევე გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაკავებულია, მაგრამ გადატრიალების შემდეგ ყველა არსებული საერთაშორისო ურთიერთობები ძალაში დარჩება.

ამის პარალელურად, თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, რომ თურქეთის გენ-შტაბის უფროსი ჰულუსი აქარი სამხედროებმა მძევლად აიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0