თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ნიცის აეროპორტი მუშაობის ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება, მგზავრებს კვლავ უშვებენ შენობაში, განუცხადა Sputnik-ს აეროპორტის წარმომადგენელმა ჟერალდინ ჟირომ.
"ჩვეულებრივ როცა უპატრონო ტვირთი რჩება, ჩვენ მას თავიდან ვიშორებთ, რაც დღეს გაკეთდა კიდეც. აეროპორტი ნორმალურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება“, — თქვა მან.
როგორც სააგენტო ასოშეიტედ პრესი იტყობინება, მგზავრებს აეროპორტის შენობაში უშვებენ თავიანთი ბარგის ასაღებად. მანამდე არსებული ინფორმაციით, ნიცას აეროპორტში მიმდინარეობდა ევაკუაცია, ერთ-ერთი ტერმინალი სამხედროების მიერ იყო ალყაშემორტყმული.
14 ივლისის ღამეს ნიცის ინგლისურ სანაპიროზე სატვირთო ავტომანქანა ხალხის მასაში შეიჭრა, რის შედეგადაც 84 ადამიანი დაიღუპა, მათგან 10-ზე მეტი ბავშვია. კიდევ 18 საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
გასული წლინახევრის მანძილზე ტერაქტი ნიცაში საფრანგეთისათვის უკვე მესამე მსხვილი შეტევა გახდა. 2015 წლის იანვარსა და ნოემბერში მეხუთე რესპუბლიკას ტერაქტების გამო ორი საშინელი ტრაგედიის გადატანა მოუხდა.