თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ახმეტის რაიონის გამგებლის მოადგილემ მათე ქავთარაშვილმა დაადასტურა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ უმარ აშ-შიშანი დაიღუპა.
ინფორმაცია საქართველოს მკვიდრის თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა ხუთშაბათს ტერორისტების ახალი ამბების სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით გაავრცელეს, თუმცა მაშინ ოჯახმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილის სიკვდილი დასტურდება. ოჯახი უკვე იღებს სამძიმარს“, — ციტირებს ქავთარაშვილს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
მან ბათირაშვილის ნათესავებისთვის მისი ცხედრის გადმოცემის შესაძლებლობა გამორიცხა. ბათირაშვილის ოჯახი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობს.
ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის წევრი იყო და ამ სტრუქტურაში გარკვეული თანამდებობები, მათ შორის „სამხედრო მინისტრის“ თანამდებობა ეჭირა. მანამდე შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის ლიკვიდაციით დასრულდებოდა. ტერორისტის სიკვდილსა და ტყვედ ჩავარდნაზე ცნობები მასმედიამ არაართხელ გაავრცელა, თუმცა პენტაგონი ამ ინფორმაციას უარყოფდა.
პენტაგონმა მიმდინარე წლის 4 მარტს სირიაში აშშ-ის ავიადარტყმების შედეგად ბათირაშვილის სავარაუდო დაღუპვის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა აბუ უმარ აშ-შიშანის ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურა.
თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობის მეოცე მკვიდრია, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლისას დაიღუპა. ის 30 წლის იყო, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.