თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი ერთ-ერთი მეთაურის, პანკისის ხეობის მკვიდრი თარხან ბათირაშვილის (ასევე ცნობილია, როგორც აბუ უმარ აშ-შიშანი) ქალაქ შირქათთან ბრძოლების დროს დაღუპვის ფაქტი დაადასტურა, იუწყება „როიტერი“.
„სოფელში (ბირკიანი) ასეთი ინფორმაცია არა აქვთ. ამის დადასტურება არ შეუძლიათ. იციან მხოლოდ ის, რასაც საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ“, — განაცხადა ახმეტის რაიონის გამგებლის მოადგილემ მათე ქავთარაშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
პენტაგონმა მიმდინარე წლის 4 მარტს სირიაში აშშ-ის ავიადარტყმების შედეგად ბათირაშვილის სავარაუდო დაღუპვის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა აბუ უმარ აშ-შიშანის ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის წევრი იყო და ამ სტრუქტურაში გარკვეული თანამდებობები, მათ შორის „სამხედრო მინისტრის“ თანამდებობა ეჭირა. მანამდე შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის ლიკვიდაციით დასრულდებოდა. ტერორისტის სიკვდილსა და ტყვედ ჩავარდნაზე ცნობები მასმედიამ არაართხელ გაავრცელა, თუმცა პენტაგონი ამ ინფორმაციას უარყოფდა.