თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ათეულობით დაღუპული, პანიკა, ხოლო დილით — დაცარიელებული ქუჩები, ასე დაახასიათა ქალაქი ნიცაში მცხოვრებმა გიორგი ნონიაშვილმა Sputnik-თან საუბრისას.
ნიცაში ტერორისტულ შეტევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის — ბავშვები, დაახლოებით 200 ადამიანი დაიჭრა. ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შეიჭრა. ტურისტები და ადგილობრივები ამ დროს ინგლისურ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი ფეიერვერკის სანახავად ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებით.
„მთელი ღამე არ გვეძინა. ბავშვები შოკში არიან. სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგონა. როცა ეს ამბავი მოხდა, იმ ადგილის შორიახლოს ვიყავით. ბავშვები ჩემ მშობლებთან ერთად 300 მეტრში იყვნენ. დაიწყო პანიკა, ადამიანები გარბოდნენ, ვერავინ ხვდებოდა, რა ხდებოდა“, — აღნიშნა ნონიაშვილმა ნიცადან სატელეფონო საუბრისას.
დაღუპულთა შორის ბევრი ტურისტია.
„ღვთის წყალობით, ჩემი ახლობლები არ დაშავებულან. მაგრამ ძალიან ბევრი ტურისტი დაიღუპა — ამერიკელები, სომხები, ინგლისელები, ფრანგები და, რა თქმა უნდა, ადგილობრივები. ნიცამ სრულებით სხვა რეალობაში გაიღვიძა. მკვდარი ქუჩები, გადაკეტილი სანაპირო, კრიმინალისტები და პოლიციელები მუშაობის პროცესში. დაშავებულთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. ბავშვები შოკში არიან, ძალიან ეშინიათ“, — განაცხადა ნონიაშვილმა.
ნონიაშვილი ეროვნებით ქართველია. წარსულში ის სომხეთში ცხოვრობდა. იქიდან 2006 წელს ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად.