თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს.
ნიცაში ტერორისტულ შეტევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის — ბავშვები, დაახლოებით 200 ადამიანი დაიჭრა. ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შეიჭრა. ტურისტები და ადგილობრივები ამ დროს ინგლისურ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი ფეიერვერკის სანახავად ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებით.
„შეძრწუნებული ვართ განხორციელებული ბარბაროსული ქმედების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ“, — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
სატვირთო ავტომობილის მძღოლი ტუნისური წარმოშობის 31 წლის ფრანგი აღმოჩნდა, წერს საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
ტელეარხმა iTele-მა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დამნაშავე, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, ფრანგმა პოლიციელებმა წვრილმანი დანაშაულისთვის არაერთხელ დააკავეს. შემოწმებისას ძალოვანებმა რადიკალებთან მისი კავშირი ვერ დაადგინეს.