თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ჯაზ-მუსიკოსის ქუინსი ჯონსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს საქართველოში გადაიღებენ. ჯონსი პარასკევს მეათე, საიუბილეო Black Sea Jazz Festival-ს გახსნის ბათუმში.
ფილმს „გრემის“ 27 პრემიის მფლობელის შესახებ ჰოლივუდელი კინემატოგრაფისტები იღებენ. ჯონსის ინიციატივით ისინი ბათუმში მის კონცერტსაც გადაიღებენ, დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ კახა კანდელაკმა.
ფილმში მოხვდება ამერიკელი ვარსკვლავის ქართულ რესტორანში მისვლისა და ქართველი მომღერლების გამოსვლის კადრები.
დოკუმენტური ფილმის პრემიერა აშშ-ში 2019 წელს იგეგმება.
83 წლის ჯონსი საქართველოში სპეციალური რეისით ხუთშაბათს ჩამოვიდა.
ვარსკვლავი კონცერტზე 40-კაციანი ბენდით გამოვა. პროგრამა სახელწოდებით Global Gumbo All Stars სამ საათზე მეტხანს გაგრძელდება. საღამოზე აჟღერდება ჯონსის ყველაზე ცნობილი კომპოზიციები ახალი ინტერპრეტაციით.
ჯონსთან ერთად გამოვლენ: ცნობილი მუსიკოსი-მულტიინსტრუმენტალისტი ჯეიკობ კოლიერი, პიანისტი ალფრედო როდრიგესი თავის ტრიოსთან ერთად, ასევე მუსიკოსი რიჩარდ ბონა, რომელიც წარმოადგენს პროგრამას აფრიკული და კუბური მუსიკის მოტივებზე.
ქუინსი დილაით ჯონს უმცროსი — ამერიკელი კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მესაყვირეა, „გრემის“ 27 პრემიის ლაურეატი, მათ შორის — ჯილდო Grammy Legend Award. თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში — ის 83 წლისაა — თანამშრომლობდა ფრენკ სინატრასთან და მაიკლ ჯექსონთან.
Black Sea Jazz Festival-ში, რომელიც ბათუმში 15-24 ივლისს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს 200 უცხოელი და დაახლოებით 100 ქართველი შემსრულებელი.
ქუინსი ჯონსის გარდა წელს ფესტივალის ჰედლაინერებად გამოცხადებული არიან მსოფლიოში ცნობილი ისეთი შემსრულებლები, როგორებიცაა The Prodigy (დიდი ბრიტანეთი), კრის ბრაუნი (აშშ), R&B და სოულ-მომღერალი Macy Gray, ამერიკელი Ms. Lauryn Hill.
საფესტივალო კონცერტები ათი დღის განმავლობაში ბათუმის საჩოგბურთო კლუბის სცენაზე და ქალაქის სხვა ადგილებში გაიმართება.
Black Sea Jazz Festival-ი მასშტაბური სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება.