თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) „მყარი ნარჩენების მართვის პროექტისთვის“ 12 მლნ ევროს გამოყოფს. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს EBRD-ს რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
კერძოდ, პროექტის რეალიზებაზე გამოიყოფა 10 მლნ ევროს კრედიტი და 2 მლნ ევრო — გრანტის სახით. პროექტის მიზანია მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შესყიდვას.
მყარი ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერები და მანქანები 64 მუნიციპალიტეტისთვის არის გათვლილი, აღნიშნეს ფინანსთა სამინისტროში.
EBRD საქართველოს მტკიცე პარტნიორია არა მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის მიმართულებით, არამედ ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებითაც, აღნიშნა ხადურმა.
EBRD-ს დაფინანსებით საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ენერგეტიკის სფეროში, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. ბანკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან.
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის შედეგად 2014 წელს პრაქტიკულად გაორმაგდა EBRD-ს მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები, რამაც 200 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო მთლიანად თანამშრომლობის 23 წლის განმავლობაში ბანკის ინვესტიციებმა ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა.