თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელის ზრდა შემდეგ კვარტალშიც არის მოსალოდნელი, — თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის-აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.
„საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლის ზრდას შემდეგ კვარტალშიც არის მოსალოდნელი. ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს იანვარ-ივნისის პერიოდის დაფიქსირებული ზრდა გვაძლევს თუ რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში რეგიონში რაიმე გლობალური ცვლილებები არ მოხდა“- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ივნისის პერიოდში 5,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 20%-ით მეტია.
ანალიტიკოსის აზრით, წინა წლის მაჩვენებელთან შეედრებით დაფიქსირებული ზრდა პირველ რიგში იმით არის განპირობებული, რომ ზოგადად რეგიონის ეკონომიკამ დაიწყო გაჯანსაღება.
„გარდა ამისა, ზაფხულის პერიოდში ყოველთვის იზრდება საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა, იმპორტის მაჩვენებელზე კი საწვავის მოხმარების ზრდა აისახა, რაც ასევე დამახასიათებელია ამ სეზონისთვის“- მიაჩნია პაატა ბაირახტარს.
საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში აღნიშნულ პერიოდში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრადდამუშავებულ ოქროს, ტყისა და სხვა სახის თხილს და ა.შ.
იანვარ–მაისში იმპორტმა დაახლოებით 4,8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობის გაზსა და აირად ნახშირწყალბადებს, მარცვლეულს, ელექტროტრანსფორმატორებსა და სამკურნალო საშუალებებს.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 67%-ია.