თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის კომისარმა გაფართოებისა და მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოში ევროპული სკოლის შექმნის შესაძლებლობა განიხილეს.
ევროკომისარი საქართველოში რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა, რომელიც ბათუმში გაიხსნა. ჰანმა შეხვედრები გამართა გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი ინიციატივები, როგორიც არის ევროპული სკოლის დაარსების იდეა, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ჰანთან შეხვედრამდე მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი მონაწილეები.
კვირიკაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს.
„ჩვენ უკვე განვახორციელეთ ჩვენი სამართლებრივი და საარჩევნო სისტემების ფუნდამენტური რეფორმა. ჩვენ შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა, რაც დაადასტურეს კიდეც ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე 1 ივლისს, ჩვენ შევასრულეთ და დავნერგეთ მისი ბევრი დებულება," — აღნიშნა პრემიერმა.
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოს მზადყოფნის შესახებ დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა. თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.