თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ პატარიძე აჭარაში თავის რწმუნებულად დანიშნა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთადერთ კანდიდატურად წარადგინა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა ვაკანტური 6 ივლისის, შემდეგ გახდა, როდესაც არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგა.
„ახლა უკვე შესაბამისი წარდგინება გადაგზავნილია აჭარის უმაღლეს საბჭოში. წარმოებული კონსულტაციების შედეგად, მაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატურას, რომელიც არის გავლილი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან, წარდგენილ იქნა კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს”, — განაცხადა მარგველაშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა არჩილ ხაბაძეს გაწეული სამუშაოსთვის და პატარიძეს მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში წარმატებები უსურვა.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი აჭარის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს.
ზურაბ პატარიძე ბათუმელია. დაიბადა 1973 წელს. დღემდე ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა.