თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დაკავებულებიდან ორი ადრე ნასამართლევია. სამივე აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და დაკავებამდე ამ ე.წ. ქურდული სამყაროს დადგენილი წესებით ცხოვრობდა.
დაკავებულებს აქტიური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან და დანაშაულებრივი სამყაროს სხვა წევრებთან. ბრალდებულები მათთან ერთად სისტემატურად გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, აღნიშნეს შსს-ში.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ხვდებოდნენ ქართველ მეწარმეებს, თავს აცნობდნენ, როგორც ე.წ. მომავალი კანონიერი ქურდები, რის შემდეგაც ქურდული გარჩევების გზით სთხოვდნენ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას. თანხის მოთხოვნას მათი მხრიდან თან ახლდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პრიმა 1-ლი ნაწილით), რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.