თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლები უკვე აღარ აღის საფრთხის ქვეშ — შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთში გამართულ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მე-40 სესიაზე მიიღეს.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს 2009 წელს. კომიტეტმა მიმართა საქართველოს მთავრობას შეედგინა მოქმედებათა ერთიანი გეგმა ამ ობიექტების მიმართ, მათი ქვის წყობისა და ფრესკების სერიოზული დეგრადაციის გამო. კომიტეტის შეშფოთებას ასევე იწვევდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეტანილი ძეგლების ნაგებობებში შიდა სამშენებლო სამუშაოებისას აუთენტურობის დაკარგვა და ეკლესიების მიმდებარე მიწის ნაკვეთების გამოყენება.
„მეგობრებო, მცხეთა დღეიდან აღარ არის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში! UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე სათანადოდ დაფასდა სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მცხეთა დაუბრუნდა მის ღირსეულ ადგილს — მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას! გილოცავთ ყველას ამ უაღრესად მნიშვნელოვან აღიარებასა და წარმატებას“, — დაწერა Facebook-ის თავის გვერდზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.
სესიაზე განიხილებოდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესატანი 27 დოკუმენტის ნუსხა, ასევე 108 ნუსხაში შესული ობიექტის დაცულობის ანალიზი და 48 ობიექტი იუნესკოს ნუსხიდან, რომელთა დაცულობას საფრთხე ემუქრება.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სესია სტამბოლში 10 ივლისს დაიწყო და 20 ივლისამდე გასტანს.
საქართველოს უძველესი დედაქალაქის მცხეთის ისტორიული ძეგლები კომიტეტმა საფრთხის ქვეშ მყოფ ობიექტთა ნუსხაში 2009 წელს შეიყვანა.
ობიექტებში შედის მცხეთის მონასტრები — სვეტიცხოველი, ჯვარი და სამთავრო.