თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისის საკრებულომ ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი გამოაცხადა სახელწოდებით „თბილისი“.
კონკურსში პრიზები დაწესდა შვიდ ნომინაციაში: წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები; წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები; წლის საუკეთესო ესსე სკოლის მოსწავლეთათვის; წლის საუკეთესო სიმღერა; წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები; წლის საუკეთესო ქანდაკება; წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები; წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები; ჟიურის სპეციალური პრიზი.
„კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას“, — ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს ნომინაცია წლის საუკეთესო ესსე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის.
კონკურსში განიხილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერ თემატიკაზე შექმნილი ან გამოცემული საავტორო ნაწარმოები.
კონკურსანტს თითო ნომინაციაში მხოლოდ ერთი ნაწარმოების წარმოდგენა შეუძლია.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ივლისი.
გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება „თბილისობის“ ფარგლებში მოხდება.