თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. 10 ივლისიდან 25 ივლისამდე, ყოველ საღამოს 21:00 საათიდან ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეო პროექციით კლდეზე გაცოცხლდება თბილისის ისტორია.
ლეღვთახევის კლდეზე დამთვალიერებლები ნახავენ ძველი თბილისის ფოტომატიანეს, ვიდეო კლიპების საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებულ თბილისის ხედებს, ქვიშით ხატვით მოთხრობილ თბილისის ისტორიას და გასართობ ვიდეო ანიმაციას.
„პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტექნოლოგიების და ბუნების სინთეზით მოეთხროთ თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებით და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი — ლეღვთახევი შეარჩიეს. ასე დაიბადა კლდეზე თბილისის ისტორიის გაცოცხლების იდეა, რომელიც ხაზს გაუსვამს ბუნებრივად ლამაზ და მეტად საინტერესო ადგილს“, — ნათქვამია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის განცხდებაში.
პროექტის მიზანია ტურისტებს გააცნონ ძველი თბილისის ისტორიული იერსახე, შეთავაზონ საქართველოში არსებული უამრავი სხვა ადგილები, დაცული ტერიტორიები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და სხვა მრავალი.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.