რაჭაში მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო გაიხსნება

გამოწერა
კომპანია, რომელიც რაჭაში მინერალური წყლის ჩამოსასხმელ ახალ საწარმოს გახსნის, 233 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ამბროლაურში, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო გაიხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 233 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. დამეთანხმებით, რომ რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქ მოსახლეობის დამაგრებისთვის,“ – განაცხადა პრემიერმა.

ზეთის წარმოება - Sputnik საქართველო
პროექტი მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისათვის

საწარმოს კომპანია „იწის წყალი“ შექმნის. საწარმო წელიწადში 5 მილიონამდე ლიტრი მინერალური წყლის წარმოებას დაიწყებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ინვესტორს დაახლოებით 7,3 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა.

„აწარმოე საქართველოში“ — ეს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამაა. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 177 საწარმო. ინვესტიციები მთლიანობაში 382 მლნ ლარს აჭარბებს და დაახლოებით 7,7 ათასი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0