ლალი ნოზაძე
პროექტი „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ 2015 წელის განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.
პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმების განვითარების სააგენტო განახორციელებს და ის სამთავრობო ინიციატივით პროექტს „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტად დაემატა.
პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა და 5000 ადამიანზეა გათვლილი. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა წაახალისოს რეგიონში ახალი ბიზნესის წამოწყება, დანერგოს ინოვაციები და ხელი შეუწყოს უკვე არსებული მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას.
გარდა ფინანსური მხარდაჭერის მექნიზმისა, პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ტრენინგ/სემინარების და გადამზადების კურსების მეშვეობით, რათა რეგიონის მოსახლეობამ მიიღოს მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია ბიზნესის ეფექტიანად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შემდგომში მოახდინოს მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში განხორციელება, რაც თავის მხრივ, რეგიონის წინსვლისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“-განაცხადა „Sputnik-Georgia“-სთან საუბარში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ანა კვარაცხელიამ.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი რეგიონებში დამწყები და არსებული მეწარმე სუბიექტების ან მაქსიმუმ 3 ბენეფიციარისგან შემდგარი მეწარმე სუბიექტთა ჯგუფებზე თანამონაწილეობრივი დაფინანსების გაცემას ითვალისწინებს. ერთ მეწარმე სუბიექტზე გაცემული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 5 ათას ლარს, ხიოლო ორი და სამი მეწარმე სუბიექტისგან შემდგარ ჯგუფზე, შესაბამისად 10 და 15 ათას ლარს შეადგენს. ბენეფიციარების მხრიდან კი, თანამონაწილეობის წილი დაფინანსების თანხის არანაკლებ 20%-ით განისაზღვრა.
რეგიონში მცხოვრები 3.3 მილიონზე მეტ ადამიანზე დაფინანსება პროპორციულად გადანაწილდა. ამის მიხედვით, სამიზნე რეგიონები დაიყო 4 ლოტად და თითოეულ მათგანში, პროგრამის საკონკურსო კომისიის მიერ გამოავლენილმა 4-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყეს პროგრამის განხორციელება. 1. იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია — საქართველოს სკაუტები (- სავარაუდო ბიუჯეტი 4,520,000 ლარი); 2. სამცხე ჯავახეთში და ქვემო ქართლში —ა(ა)იპ რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA)(სავარაუდო ბიუჯეტი 4,380,000 ლარი); 3. გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და აჭარაში-შპს „ჯი-ემ-სი-ჯი“ (სავარაუდო ბიუჯეტი 6,100,000ლარი); ხოლო 4. შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში განმახორციელებელ პარტნიორად შერჩეულ იქნა შპს „თბილისის ბიზნეს ტრენინგ ცენტრი“ (სავარაუდო ბიუჯეტი 5,000,000 ლარი).
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში წახალისებულია ინოვაციური, მომსახურებაზე ორიენტირებული მიკრო და მცირე ბიზნესების შექმნა და ქალების მიერ ბიზნესის წამოწყება. დღეისათვის 2015 წელს გამოცხადებული კონკურსიუს ყველა ეტაპი დასრულებულია და გამარჯვებულ ბენეფიციარებთან ხელშეკრულებების გაფორმება და თანადაფინანსების თანხების ეტაპობრივი გაცემა მიმდინარეობს.
პროგრამის მთავარი მიზანი რეგიონებში მეწარმეობის ზრდა, თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრება, ადგილობრივი პროდუქციის დივერსიფიკაცია და მასზე მოთხოვნის მატება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონის მაცხოვრებელთა მიგრაციის შემცირებაა. ამ მიზნების წარმატებით განხორციელებაზე მეტყველებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარე შედეგები. დღეისათვის საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილ 989 ბიზნეს პროექტის ავტორს, მთლიანობაში 1530 ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება, საიდანაც 800-ზე მეტმა დაფინანსება უკვე მიიღო, ჯამში კი, 3756 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.