თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ალადინ ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ხის საამქროდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკისას, ამოიღეს „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა, გადაჭრილი თოფი — ე.წ. აბრეზი, 6,81 გრ გამომშრალი მარიხუანა და 2 ძირი კანაფი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.