აგულაშვილმა განმარტა რატომ დატოვა რესპუბლიკური პარტია

© фото: пресс-служба министерства окружающей среды Грузии გიგლა აგულაშვილი
გიგლა აგულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რესპუბლიკელი კოლეგებისგან განსხვავებით, გიგლა აგულაშვილმა მთავრობის დატოვებაზე უარი განაცხადა. პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა რესპუბლიკური პარტია.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა რესპუბლიკური პარტიის დატოვებისა  და მთავრობაში დარჩენის გადაწყვეტილება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ახსნა.

„ქართული ოცნების“ კოალიცია დიდი ხანია პრაქტიკულად დაიშალა, მასში შემავალმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. სამშაბათს პარლამენტის თავჯდომარემ, რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კოალიციური თანამშრომლობა დასრულდა.

„ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“,- ნათქვამია facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ აგულაშვილის განცხადებაში.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკელებისა“ და „ოცნების“ კავშირი დასასრულს მიუახლოვდა

გადაწყვეტილება მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

„კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში", — აღნიშნა აგულაშვილმა.

უახლოეს მომავალში თანამდებობებს დატოვებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის წევრები არიან. ისინი წინასაარჩევნო კამპანიას შეუერთდებიან.

მთავრობა ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებით არის წარმოდგენილი. რესპუბლიკელებს სამი მინისტრი ჰყავდათ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0