თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისის ქუჩებში სექტემბრიდან ახალი ავტობუსები გამოჩნდება. თბილისის მერიამ შესაბამის შეთანხმებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანია Man Truck and Bus AG-თან მოაწერა ხელი.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, თბილისის ავტოპარკი 143 ავტობუსით 7 თვის განმავლობაში ეტაპობრივად შეივსება.
„ასეთი ტიპის ავტობუსები ჩვენს ქალაქს არასდროს ჰყოლია, ამიტომ, ერთი მხრივ, ეს არის, პრაქტიკულად, პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ევროპული ტიპის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იაროს თბილისში და ჩვენი თანამოქალაქეები უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ, მეორე მხრივ კი, ქალაქის ბიუჯეტი დაზოგავს თანხას ავტობუსების მომსახურებასა და საწვავით უზრუნველყოფაზე“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ახალი 30 დასაჯდომი ადგილის მქონე ავტობუსები გრძელ მანძილზე და დიდი გამავლობის ქუჩებში იმოძრავებენ. ავტობუსს 85 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
დედაქალაქის მერიამ თბილისის ავტობუსების პარკის შესწავლა გასულ წელს დაიწყო, დღის წესრიგში დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება.
თბილისის მერიას ავტობუსების პარკის განახლების 4-წლიანი გეგმა აქვს და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. გეგმის ეტაპობრივი რეალიზაციის შედეგად ძველი ავტობუსები ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივ ტრანსპორტით შეიცვლება.
ამჟამად თბილისის ავტოპარკში 750 ავტობუსია.