თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რომლებიც “რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან, ამ დღეებში დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
ხიდაშელი და ზაქარეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.
„რესპუბლიკური პარტიიდან“ მთავრობაში წარგზავნილმა მინისტრებმა ძალიან ბევრი, ძალიან კარგი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის. თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი დატოვებენ თანამდებობეს, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან, პარტიასთან შეთანხმებით დაასრულებენ იმ საქმეებს, რომლებსაც ამ წუთებში უძღვებიან და გადმოერთვებიან პარტიულ საქმიანობაზე“, — განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გიგლა აგულაშვილს, რომელიც ასევე „რესპუბლიკელი“ იყო, მან პარტიის დატოვება გადაწყვიტა. ის თანამდებობაზე რჩება.