თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ „რესპუბლიკური პარტიის“ გამოსვლას ევროპული გაყრა უწოდა.
„რესპუბლიკელები“ გადაწყვეტილების მიღებას ვარშავის ნატოს სამიტის შემდეგ აპირებენ, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება.
„არ არის გამორიცხული, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, არა ფანჯრიდან ვინმეს გადმოგდება, არამედ ცივილური ევროპული გაყრა. კოალიციურ პასუხისმგებლობებს ვასრულებთ, მანამ სანამ ეს ქვეყანას სჭირდება და ამასობაში არჩევნებისთვის ვემზადებით ცალ-ცალკე,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ეთერში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი უკვე 52-მა პარტიამ შეიტანა, რომელთაგან 15 დაარეგისტრირეს. ორ პარტიას რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს.
კოალიციის წარმომადგენლებმა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღეს.