თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
„მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე–135-ე კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს წყალგამტარი მილის მოწყობის სამუშაოებს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 11 ივლისის 17:00 საათიდან 12 ივლისის 05:30 საათამდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, — აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ამ დროისთვის გზაზე რაიმე დაბრკოლება არ არის. ავტოტრანსპორტის გადაადგილება დადგენილი წესით მიმდინარეობს.
კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. საავტომობილო მოძრაობა 6 ივლისს აღდგა. გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია 05:30 საათიდან 20:00 საათამდე.