თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. რუსულმა კონცერნმა „კალაშნიკოვმა“ საქართველოში 2006 წელს შეწყვეტილი სამოქალაქო სასროლი იარაღის მიწოდება განაახლა, განაცხადა კონცერნის მარკეტინგის დირექტორმა ვლადიმირ დმიტრიევმა.
კონცერნმა თბილისის იარაღის მაღაზია „კალიბრში“ რუსეთის ფარგლებს გარეთ პირველი ბრენდ-ზონა გახსნა. საფირმო განყოფილება კონცერნის სადილერო ქსელის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიხსნა.
„2016 წელს კონცერნმა „კალაშნიკოვმა“ სამოქალაქო სასროლი პროდუქციის მიწოდება განაახლა საქართველოში, სადაც 2006 წლის შემდეგ ჩვენი იარაღი, პრაქტიკულად, წარმოდგენილი არ იყო. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კონცერნი ამ ქვეყანაში სამოქალაქო იარაღის მიწოდების მოცულობის გაზრდას აპირებს, ამიტომ გახსნილი საფირმო ბრენდ-ზონები გაყიდვის მოცულობის გაზრდაზე დადებითად აისახება“, — განაცხადა დმიტრიევმა.
კონცერნში აღნიშნეს, რომ თბილისში „კალაშნიკოვის“ საფირმო განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება როგორც ტრადიციული სასროლი პროდუქცია, ისე თანმდევი საქონელი, რომელთა გამოშვებაც „კალაშნიკოვისა“ და „ბაიკალის“ მარკით იგეგმება.
2015 წლის შედეგებით, „კალაშნიკოვმა“ რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის მაღაზიებში ოცზე მეტი ბრენდ-ზონა გახსნა და 2017 წლისთვის მისი რაოდენობის 60-მდე გაზრდას აპირებს. გარდა ამისა, 2016 წლის ბოლომდე კომპანია საფირმო განყოფილების გახსნას ყაზახეთშიც გეგმავს.