თბილისში ყოველწლიური ეროვნული ფესტივალი „არტ–გენი 2016“-ის ფარგლებში ქართული სუვენირებისა და ხალხური რეწვის ნივთების გამოფენა–გაყიდვა გაიხსნა. იხილეთ გამოფენის ამსახველი ფოტომასალა Sputnik-ისგან.
თბილისში ხალხური შემოქმედების ფესტივალის „არტ-გენი 2016“-ის დასკვნითი ფაზა დაიწყო. მანამდე მისმა მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოიარეს. კერძოდ, ფესტივალი ჩატარდა ქობულეთში, ბოლნისსა და სურამში.
ღონისძიება თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ გაიმართება და 17 ივლისის ჩათვლით გასტანს.
გარდა სხვადასხვა სუვენირებისა და ნაკეთობებისა, ფესტივალის სტუმრები იხილავენ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებს, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის „შავფაროსნების“ წარმომადგენელთა გამოსვლებს და ქართული სამზარეულოს კერძებითაც ისიამოვნებენ.
მსმენელების წინაშე წარდგებიან მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ (16 ივლისი), ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“ (17 ივლისი). ასევე იგეგმება ჯგუფების „გამოუვალი მდგომარეობა“, „აუტსაიდერის“, „რეგიონის“, „ფრანისა“ და „ჩვენებურების“ კონცერტები.
ფესტივალი „არტ–გენი 2016“ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება და ერთ–ერთი მრავალრიცხოვანია დასწრების მხრივ. ფესტივალს ყოველწლიურად 30–40 ათასი ადამიანი სტუმრობს.