თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ქვეყნის ორ რეგიონში —იმერეთში და სამეგრელო-ზემო სვანეთში —მომხდარი ძლიერი წვიმის შედეგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილზე გაეცნო, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იმერეთში ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა სამტრედიას, ვანის და ბაღდათის რაიონები. განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიტბორა სახლების პირველი სართულები, დაზიანდა სოფლის გზები. მარტვილის რაიონში დაიტბორა სახლების სარდაფები. სენაკში კაშხალი დაინგრა, რის გამოც მდინარე რიონი ნაპირებიდან გადმოვიდა და სახლების პირველი სართულები დატბორა.
„როგორც ხედავთ, ეს არის სტიქია მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით. ჩაირეცხა გზები, დაიტბორა სავარგულები და დაიხოცა მსხვილფეხა პირუტყვი.საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მაქსიმალურად მოკლე დროში, როგორც კი გაშრება გზა და ტექნიკის მოსვლა იქნება შესაძლებელი, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრა მოკლე ვადებში მოხერხდება.
„ რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე პერიოდში განვახორციელებთ და ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა ბათუმი და აჭარის რაიონები. შაბათს ადგილზე საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდა. ის ადგილობრივ მოსახლეობას უმოკლეს ვადებში საჭირო დახმარების გაწევას დაპირდა.
„მინდა გითხრათ, რომ გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინება შემოვიდა, 500-მდე მაშველი ახლაც მუშაობს. ასევე, მუშაობს ქვეყნის მასშტაბით 100 ერთეული ტექნიკა. რაც მთავარია, ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს და ეს ყველაფერი მიღწევა და წარმატებაა, რადგან 24-საათიან რეჟიმში ჩვენი მაშველები მუშაობენ“, –ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა მღებრიშვილმა.
პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს შს მინისტრთან ერთად სტიქიური უბედურების შედეგებს ადგილზე გაეცნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სოფლის მეურნეუბის მინისტრი ოთარ დანელია.
დასავლეთ საქართველოში სტიქიის გამო გადაიდო ურეკის საკონცერტო დარბაზის „Black Sea Arena" გადმოცემის საზეიმო ცერემონია. ასევე, გადაიდო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი, ბაში-დაფნარის ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნა.
სახელმწიფოსათვის საკონცერტო დარბაზის გადმოცემას ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ აპირებს. ფონდმა ამ პროექტში 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საკონცერტო დარბაზი ათი ათას ადამიანზეა გათვლილი. შენობის მშენებლობა 2007 წლიდან მიმდინარეობდა.