თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ფერნანდო სავალა, რომელიც ლუდსახარში ქარხნების ქსელის Union de Cervecerias Peruanas Backus y Johnston SAA ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს, პერუს ახალ პრემიერ–მინისტრად დაინიშნება, იუწყება სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის სახელისუფლებო წრეებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, ბრძანებას ხელს პერუს ახალი პრეზიდენტი პედრო კუჩინსკი 28 ივლისს მოაწერს, როდესაც მისი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოქმედდება.
სავალა პერუს უმსხვილეს ლუდსახარში ქარხნების ქსელს ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მანამდე, 2005 წელს, როდესაც მთავრობას კუჩინსკი მეთაურობდა, ხოლო პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო გახლდათ, ის ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო.
კუჩინსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმათა 50,12%–ით ივნისში გაიმარჯვა.