თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვარშავის სამიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს პირისპირ შეხვდა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.
მარგველაშვილმა და სტოლტენბერგმა ისაუბრეს საქართველოს მიღწეულ პროგრესზე და ყურადღება იმ ნაბიჯებზე გაამახვილეს, რომლებიც ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.
გიორგი მარგველაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
ნატოს სამიტი პოლონეთის დედაქალაქში გუშინ, 8 ივლისს გაიხსნა და დღეს დასრულდება. სამიტზე საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სხვა ოფიციალური პირები.